ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიისმ ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი უძღვებოდა.
„TOP 50 Sommelier 2012 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას სომელიეები, HoReCa სექტორის, გასტრონომიის სფეროს და მედიის წარმომადგენლები იღებენ.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება“, – წერს ღვინის ეროვნული სააგენტო.