„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა, ზუკა რურუამ „დღის ქრონიკაში“ „ჰექსოგენის“ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში არეულობის შექმნას.
„განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. როდესაც ოპოზიცია 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და ნელ-ნელა საქმეები იკვეთება, ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს ყველაფერი ურთიერთკავშირში ამ ფაქტთან.
ჩვენი მოქალაქეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად იცავენ მათ უსაფრთხოებას. იქნებიან თუ არა ახალი ფიგურანტები და რა კავშირშია ეს საქმე ოპოზიციის გეგმებთან, ამას გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.
სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.
დღეს კი, როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.