აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში სპორტული ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელშიც წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროს 300-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სპორტის მხარდაჭერა ნიშნავს ძლიერი და ჯანმრთელი თაობის აღზრდას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ბევრჯერ ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ ხართ მაგალითი და მოტივაცია მომავალი თაობისთვის. თქვენი წარმატებული შედეგებით ყველას დაუმტკიცეთ, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შეუძლებელი არაფერია. სპორტის მხარდაჭერა ნიშნავს ძლიერი და ჯანმრთელი თაობის აღზრდას. აღნიშნული ფორუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება დარგის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ამაყი ვარ, რომ აჭარიდან ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ რეგიონსა და ქვეყანას ასახელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაში,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური შეხვედრები და დისკუსიები სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ფორუმი „სპორტული წარმატების სტრატეგია“ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.