ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი, რომელმაც გაწირა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ერი და იცლის რატომღაც საქართველოსთვის. საქართველოსთვის, რომელიც ყველა ინდიკატორის მიხედვით, რომელიც მათ შორის ევროკავშირის მიერ არის მომზადებული უსწრებს ზელენსკის მმართველობას ყველა იმ საკითხში, რაშიც მან დღეს საქართველო დაადანაშაულა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც გაეროს ტრიბუნა საქართველოს კრიტიკისთვის გამოიყენა.
მისი თქმით, ზელენსკის გამოსვლა იყო სამარცხვინო.
„საწყენი არა, არც შემაშფოთებელი, უკვე სამარცხვინოა, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელმაც კარგად გახსოვთ, როგორი დემარშით გამოაძევა იქიდან ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა მაშინ, როდესაც ბოლომდე მხარში ედგა საქართველოს დიპლომატი კიევში აქტიური დაბომბვების დროს. დღეს იცლის ამ კრიზისის დროს და საუბრობს საქართველოზე, რომ თურმე საქართველო არის გადასარჩენი და ჩვენ ვართ თურმე რუსეთზე დამოკიდებული მაშინ, როდესაც სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში საკუთარი სამშობლო და ხალხი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.