კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს – 5 მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს მუზეუმებია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში, ვაჟა ფშაველას მუზეუმი და სახლ-მუზეუმი ჩარგალში.
„საქართველოში არსებულ თითოეულ მუზეუმში ჩვენი ერისთვის ძვირფასი საგანძური ინახება. სახელმწიფოს ვალია, გაუფრთხილდეს მას და ყველა პირობა შექმნას სამუზეუმო სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის.
ზემოაღნიშნული მუზეუმების რეაბილიტაციის შემდეგ, მათი სახით საქართველოში გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.