წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წელსაც გვაქვს მაღალი, 8 % -იანი ეკონომიკური ზრდა, საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვყავს ძლიერი ინსტიტუტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა – 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.