ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სირიიდან და სხვა რეგიონებიდან ლტოლვილთა დიდ ნაკადებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე- სპიკერმა სოზარ სუბარმა.
მან გაიხსენა პერიოდი, როცა საქართველომ ზეწოლის მიუხედავად, არ დაუშვა სირიიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღება. სოზარ სუბარმა ისიც გაიხსენა, რომ ლტოლვილთა ნაკადს კარი ევროპამ გაუღო და მილიონობით ადამიანის მიგრაციით გამოწვეული შედეგების გამკლავება გაუჭირდა.
„იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო სირიის კრიზისი და ევროპა გაივსო სირიელი ლტოლვილებით, მე ვიყავი საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. ჩემი საქმიანობის სფერო იყო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მცხოვრები დევნილების, არამედ ლტოლვილების განსახლების საკითხი. მაშინ სამინისტროსთან აქცია აქციაზე იმართებოდა მოთხოვნით „მივიღოთ სირიელი ლტოლვილები“. ამ აქციებს აწყობდნენ სწორედ ის ლიბერალ-ფაშისტი ენჯეოები და პოლიტიკური პარტიები, ვინც დღეს ასე თავგადაკლული ცდილობენ, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში. ისევე როგორც დღეს, ეს აგენტურა მაშინაც ქვეყნის გარედან იყო მხარდაჭერილი. ბუნებრივია, პირადად მეც და მთელმა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი ვთქვით ამ მოთხოვნის შესრულებაზე და საქართველოს ავაცილეთ ის უდიდესი საფრთხე, რომელთან გამკლავებაც დღეს ასე უჭირს ევროპას.
სხვათა შორის, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იყო პირველი, რომელმაც მიიღო მილიონობით სირიელი ლტოლვილი და ფართოდ გაუღო მათ კარი. არადა მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, სწორედ მერკელი იყო ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ ოცნება ევროპაში მულტიკულტურული საზოგადოების მშენებლობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. მან აღიარა, რომ ევროპა ვერ ახერხებს მიგრანტთა მრავალმილიონიანი ნაკადების გადახარშვას და ერთიანი ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამ აღიარებისა, რამდენიმე წლის შემდეგ მერკელი მაინც აიძულეს, მიეღო მილიონობით სირიელი და არა მხოლოდ სირიელი ლტოლვილი. შედეგად, ევროპაში უკვე ერთმანეთის გვერდით არსებობს საზოგადოებები, რომლებიც ერთმანეთს პრაქტიკულად არ ერწყმიან და რომელმაც კარდინალურად შეცვალა ევროპის რუკა. დღეს ევროპაში უკვე კარგად აცნობიერებენ აქედან მომდინარე საფრთხეებს, მაგრამ ვეღარაფერს შველიან. „დიფ სთეითის” ადგილობრივ აგენტურას, ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს სურდათ, საქართველოშიც იგივე გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.