საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რევოლუციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გადატრიალების ნებისმიერი მცდელობაც კი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.
4 ოქტომბერს შესაძლო დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების თაბაზე კი ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებია, საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დაეკისრება.
„საერთაშორისო ორგანიზაციები და ბევრი ევროპელი პარტნიორი ამ შემთხვევაში მხარეა, ისინი ამზადებენ ამ პროცესს, ისინი აფინანსებენ ამათ გადამზადებას სხვადასხვა ქვეყანაში, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში რაც შეიძლება, მაქსიმალურად დაძაბულობა შეიქმნას.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი გამოვა იქ. 5 ათასი, 10 ათასი თუ 20 ათასი კაცი გამოსულა, არაერთი აქცია გაუკეთებიათ, მერე წასულან ისევ სახლში. მათი არაერთი განუხორციელებელი რევოლუციური სცენარი გვინახავს, ასე იქნება ახლაც, სხვა სურათი არ იქნება. ჩვენ მეტად მობილიზებულები შევხვდებით ამ კონკრეტულ შემთხვევას, რომ ექსცესები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.
ჩვენს სახედაკარგულ ოპოზიციას, ქვეყნის მტრებს არ შეუძლიათ მშვიდ გარემოში არჩევნებში მონაწილეობა, ხელისუფლებასთან კონსტრუქციულად საუბარი. ამათ სხვა შანსი არ აქვთ, ერთიათად დარჩენიათ – ქუჩაში გამოსვლა და ცხელი კერების შექმნა, რომ მეტი დაძაბულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში.
გადატრიალების ნებისმიერი მცდელობაც კი იქნება დასჯადი კანონის მთელი სიმკაცრით. ჩვენს ქვეყანაში რევოლუციების ხანა დამთავრდა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით”, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.