ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით; იუსტიციის სახლი ამ თვალსაზრისით გამორჩეული პროექტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გლდანის რაიონის მოსახლეობა ამიერიდან 500-ზე მეტ სერვისს თავიანთ უბანში, კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
„გლდანის ეს ფილიალი იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილია, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით, უკვე 125 მისამართზე, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. გლდანის იუსტიციის სახლში ჩვენი ასამდე თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით. გრძელდება იუსტიციის სახლების ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება დიღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით მთავრობა მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია.
პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ახლად გახსნილი იუსტიციის სახლი დაათვალიერა.