აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ 2025 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს „პირველ დონეზე“ (Tier 1), რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს და საანგარიშო პერიოდში სერიოზულ და მდგრად ძალისხმევას ავლენდა.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა.
„ეს ძალისხმევა მოიცავდა მეტი ტრეფიკერის მსჯავრდებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას. პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, სასამართლოებმა მსხვერპლებს კომპენსაცია მიანიჭეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც სავალდებულოს ხდის მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას ტრეფიკინგის საქმეებში.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ტრეფიკინგის ნაკლები საქმე გამოიძია, ხოლო სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების იდენტიფიცირებისა და დევნის საერთო ძალისხმევა არასაკმარისი იყო. სამართალდამცველებმა მსხვერპლებს მოსთხოვეს დარჩენა ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რამაც პოტენციურად შეიძლება, შეაფერხოს თანამშრომლობა უცხოელი მსხვერპლებისგან, რომლებსაც სურდათ რეპატრიაცია, ხოლო მოსამართლეებმა არცერთხელ არ მიუსაჯეს რესტიტუცია სისხლის სამართლის საქმეებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.