ბანგკოკიდან თანხების ჩარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რაც არ უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება ობიექტურობის დაკარგვა.
„რაც არ უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება ობიექტურობა დავკარგოთ:
დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბანგკოკიდან ჩარიცხული საპენსიო დანაზოგების შესახებ სამ ადამიანთან დაკავშირებით. როგორც უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გვაცნობა, ორ მათგანს არ შეიძლება რადიკალური პროცესების ორგანიზებასთან ჰქონდეს საქმე, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ არჩევნებამდე დღეებით ადრე, ზუსტად ამ დროს, მათი კუთვნილი თანხების ჩარიცხვის დაჩქარება სწორედ იმიტომ მოუხდათ, რომ სხვა ბენეფიციარები, რომლებიც ნამდვილად ჩართულები არიან ხელოვნური პროტესტის ორგანიზებაში, მათთან ერთად გაცილებით დიდ თანხებს იღებენ.
ქეთევან ბაქრაძის მაგალითი გამოდგება, რომლის პროცესებში მონაწილეობის უარყოფასაც კი არ აქვს აზრი.
ამ ფონზე კი, ფორსირებულად, მის ანგარიშზე ასობით ათასის ჩარიცხვა სერიოზულ ეჭვებს აჩენს, მით უფრო, როდესაც სულ რაღაც სამი დღის წინ რადიკალიზმის დაფინანსების უდიდესი სქემა გაიშიფრა და იქაც დაფინანსების წყარო ბანგკოკი გახლდათ“, – წერს კირცხალია.