სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, ისეთი როგორიც არ ყოფილა არასდროს. ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას, ვალდებულებას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უფრო ჩქარი ტემპით განვითარდებოდა, რომ არა „გარედან მართული რადიკალების ქმედებები“.
„საქართველოს მოქალაქეები მინდა გავამხნეო და ასევე მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გონიერება, სიბრძნე, დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე ნამდვილად არ იქნებოდა. ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წინაშე, ვინც კარგად ერკვევა არსებულ სიტუაციაში და აკეთებს არჩევანს ყოველთვის საქართველოს განვითარების მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი. უფრო მეტი ტემპით რომ არ ვითარდება საქართველო, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებების [გამო], რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ. როგორც აქ წარმოდგენილი გარედან დაფინანსებული ერთ-ერთი რადიკალური ფრთის ტელევიზიის წარმომადგენელი ცდილობს, რომ ყველაფერი უგულებელყოს, – ტრამპთან შეხვედრა, ის ურთიერთობები, აღიარება ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წარმატებისა, ასევეა ჩვენი საზოგადოების მცირე რაოდენობა, რომელიც მოტყუებულია, ზოგი კი – დაფინანსებული და ისინი ახორციელებენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას.
საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ შეიძინა, ის მშვიდობა, სტაბილურობა განვითარების ტემპები ყველასთვის მისაბაძია. სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, ისეთი როგორიც არ ყოფილა არასდროს. ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას, ვალდებულებას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. იმიტომ რომ არჩევანი არის ძალიან მარტივად გასაკეთებელი, ეს ტემპები არაფრის დიდებით არ შეჩერდება და ყველა ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და კიდევ უფრო მეტად წინსვლა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.