კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა არ შეიქმნას „განუკითხაობის ატმოსფერო“.
„ისიც არ არის დასამალი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერების უკმაყოფილება საკმაოდ ინტენსიურია და მხარდამჭერები წარმოადგენენ ამ ქვეყანაში საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს ვიდრე ის რადიკალები თუ ექსტრემისტები, რომლებიც მიმართავენ ამ ზომებს. ამ ვითარებაში რასაკვირველია სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება, რათა განუკითხაობის, კანონის იგნორირების ატმოსფერო არ დამკვიდრდეს. იგივეა მაგალითად პოლიციელზე ხელის გარტყმა, თითქოს არაფერი, თითქოს შეიძლება უფრო ლოიალური იყო ამის მიმართ მაგრამ, ეს ხელის გარტყმა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ქვის სროლა – ეს ყველაფერი კონკრეტულ მიზანს უკავშირდება, რომ რევოლუციური განწყობა, ატმოსფერო შეიქმნას, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ორმაგ სტანდარტებზე ვლაპარაკობთ და იმასაც დავამატებ, რომ საკმაოდ სერიოზული ფორმატი იქნება 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩვენ ელჩის დონეზე უნდა ვიყოთ იქ წარმოდგენილები. მაშინ როდესაც, იგივე ქვეყნებმა სულ ახლახან დაამთავრეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დსთ-ს ფორმატში. ანუ ორმაგი სტანდარტის ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უსამართლოს გარდა, საკმაოდ სერიოზული მიზნის მატარებელია. ეს ყველაფერი შეკრიბეთ ერთად, დააყენეთ იმ აქციებთან, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანი იმართება და დაკავშირებულია გეგმასთან, რომ აუცილებლად უნდა გადაიკეტოს პროსპექტი. თუკი ჩვენ ამ დიდ მიზნებს, საკმაოდ ბოროტ მიზნებს გავაერთიანებთ კონკრეტულ ქმედებებთან, მივიღებთ სრულ სურათს, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს არის სერიოზული სერიოზული სცენარი რომელიც, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.