თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს თავმჯდომარის ელინა ვალტენონის ქმედებას გამოეხმაურა, რომელიც შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება.
„მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კანონს არღვევს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, იქ, სადაც იმყოფება, რა თქმა უნდა, ეს მის საამაყო ნაბიჯად ვერ ჩაითვლებოდა. არ გაავრცელეს, რადგან თავადაც კარგად იციან, რა დიპლომატიური, ვენის კონვენციის დამრღვევი და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ნაბიჯი გადადგა ამ ქალბატონმა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ქმედითი პასუხი პრემიერ-მინისტრისგან, ახლა ცდილობენ, რომ ეს მიჩქმალონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.