ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პროკურორი ლორ ბეკუო ავრცელებს.
„ეს თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ზარალი ეკონომიკურია და ის ამ ქურდობით გამოწვეულ ისტორიულ ზარალს ვერ შეედრება“, – განაცხადა პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუომ.
ამასთან, პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები უნიკალური სამკაულების „დაშლას და გადნობას“ არ გადაწყვეტენ.
„დამნაშავეებს თავში სამკაულების დაშლის სულელური იდეა თუ მოუვათ, 88 მილიონ ევროს ვერ იშოვიან. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ისინი ამაზე კარგად დაფიქრდებიან და ამ ძვირფასეულობას უმიზეზოდ არ გაანადგურებენ“, – აღნიშნა ბეკუომ.
ცნობისთვის, ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა. ოთხი შეუიარაღებელი პირი მუზეუმში ამწეს მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა. მათ საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი, გაქცევის დროს დაკარგეს.