არ მსურს უშედეგო შეხვედრა, არ მინდა, დრო ფუჭად ვკარგო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაუქმდა თუ გადაიდო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, იმ შეხვედრის შესახებ, რომლის გამართვაც ბუდაპეშტში იგეგმებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ვნახოთ, რა მოხდება. შესანიშნავი სამშვიდობო შეთანხმება მოვამზადეთ. ვთქვით, წადით ფრონტის ხაზზე, უკან დაიხიეთ და წადით სახლში, ყველამ შესვენება აიღეთ, რადგან ორი ქვეყანა ერთმანეთს კლავს. ორივე ქვეყანა კვირაში 5 000-დან 7 000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
ჟურნალისტის კითხვას, ისევ ხედავს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულების ჯერ კიდევ სჯერა.
დონალდ ტრამპი თქმით, ომის დასრულება, მასში ჩართული ორივე მხარის სურვილია. „დიახ. ეს სასტიკი ომია. ეს ჩვენზე დიდად არ მოქმედებს. ჩვენ აღჭურვილობას ნატო-ზე ვყიდით, ნატო კი უკრაინას აწვდის. ჩვენ აღარაფერს ვიხდით. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარი დახარჯა. ომი არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. არასდროს მოხდებოდა, მილიონ წელიწადშიც კი და პუტინმაც იცის ეს, მაგრამ მოხდა და მე მოვედი, უნდა ვნახო შემიძლია, თუ არა მისი დასრულება. ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს, რადგან ჩვენ იქ ჯარისკაცებს არ ვკარგავთ. ვფიქრობ, პუტინს სურს დასრულება და ვფიქრობ, ზელენსკისაც უნდა მისი დასრულება, ასე რომ, ვთვლი, ის დასრულდება“, – აღნიშნა ტრამპმა.