რუსეთმა აშშ-ს „არაოფიციალური დოკუმენტი“ გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მისთვის უკვე ცნობილი პირობები ჩამოთვალა. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, დოკუმენტში კვლავ არის ნახსენები რუსეთის მოთხოვნა, აიღოს კონტროლი მთელ დონბასზე. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ეს პოზიცია უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წინადადებას საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ხაზზე შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, რუსეთმა კვლავ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განთავსებას მიუღებლად თვლის.
Reuters-ი ამტკიცებს, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მტკიცე გადაწყვეტილება, არ გადაუხვიოს უკრაინის მიმართ თავის „მაქსიმალისტურ მოთხოვნებს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან 17 ოქტომბრის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ „დადგა დრო, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება“. მან საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ხაზზე შეჩერების ინიციატივა წამოაყენა. ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებები ალასკაზე მიღწეულ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება.