სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში, პარლამენტთან სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ამის შესახებ ალექსანდ ვუჩიჩმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებული ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
სერბეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ზლატიბორ ლონჩარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულ მამაკაცს სერიოზული ჭრილობა აღენიშნება და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია სჭირდება.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავა.
„როიტერი“ წერს, რომ სროლა ქვეყნის პარლამენტსა და ვუჩიჩის ოფისს შორის მდებარე პარკში მოხდა, სადაც სერბეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, რათა მის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტებისთვის შენობებთან მიახლოება შეეზღუდათ. სროლის დროს საპროტესტო აქცია არ მიმდინარეობდა.
„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი 70 წლის მამაკაცია, რომელმაც 57 წლის კაცს ფეხში ესროლა, შემდეგ კი კარვების მიმართულებით გაზის ბალონი ისროლა.
სროლის მოტივის ან ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
სერბეთში უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდ ვუჩიჩის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება.
ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.