გერმანელმა პოლიციელმა ქვეყნის არმიის ჯარისკაცს სასწავლო წვრთნების დროს შეცდომით ცეცხლი გაუხსნა.
ინციდენტი სამხრეთ ბავარიის ქალაქ ერდინგში გერმანიის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის მასშტაბური წვრთნების დროს მოხდა.
ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ გაუგებრობა წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცებსა და მოსახლეობის მიერ გამოძახებულ პოლიციას შორის სროლამ გამოიწვია.
„მარშალის ძალის“ სახელწოდების წვრთნების ფარგლებში ბუნდესვერი ამჟამად ატარებს სწავლებას, რომელშიც დაახლოებით 500 სამხედრო პოლიციელი, ასევე პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების ასობით პირველი რეაგირების თანამშრომელი მონაწილეობს.
წვრთნები მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ათეულობით ბავარიულ ქალაქში, მათ შორის ერდინგში, საზოგადოებრივ ადგილებში ტარდება, რაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის მზადებას ითვალისწინებს.
ბავარიის პოლიციის ცნობით, ისინი ადგილზე მივიდნენ გამოძახებაზე, რომლის მიხედვითაც, უცნობი მამაკაცი იარაღით გადაადგილდებოდა. სამხედრო პოლიციამ ადგილზე მისულ პოლიციელებს ფუჭი ტყვიები ესროლა, რადგან ეგონათ, რომ ესეც სამხედრო წვრთნების ნაწილი იყო.
პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს საბრძოლო მასალით, რის შედეგადაც ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იარაღის მატარებელი პირი გერმანიის შეიარაღებული ძალების წევრი იყო, რომელიც ადგილზე წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდა. კრიმინალური პოლიცია, ადგილობრივ ოფიცრებთან ერთად, ინციდენტის გამოძიებას აწარმოებს.