ნუ ღელავთ დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელი დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ნუ ღელავთ ამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ისრაელს ძალიან კარგად აქვს საქმე. ისინი არაფრის გაკეთებას არ აპირებენ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი დაკარგავს შეერთებული შტატების ყველანაირ მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას.
ცნობისთვის, ისრაელის პარლამენტმა 22 ოქტომბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა ულტრამემარჯვენე ძალების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ყველა დასახლებაზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას ითვალისწინებს. ამავე დღეს დაამტკიცეს მეორე კანონპროექტიც, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას გულისხმობს. ამ კანონპროექტების დამტკიცების წინააღმდეგი იყო პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პარტია „ლიკუდი“. ორივე კანონპროექტმა პლენარულ სესიებზე კიდევ სამი კენჭისყრა უნდა გაიაროს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
