რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
სამინისტროს ცნობით, მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოგდებულია ცხრა დრონი, მათ შორის შვიდი დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ასევე, ჩამოგდებულია 20 დრონი როსტოვის, 19 – ვოლგოგრადის, 17 – ბრიანსკის, 12 – კალუგის, 11 – სმოლენსკის, ცხრა – ბელგოროდის და რვა-რვა დრონი ვორონეჟისა და ლენინგრადის ოლქების საჰარეო სივრცეში.
გარდა ამისა, ორ-ორი უპილოტო აპარატი გაანადგურეს ნოვგოროდის, რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში, ხოლო თითო ტვერისა და ტულის თავზე.
სამინისტრო არ იტყობინება რაიმე მსხვერპლზე ან ნგრევაზე.
მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ ღამით დედაქალაქისკენ მიახლოებისას ჩამოაგდეს შვიდი უპილოტო აპარატი. მისი თქმით, „შემთხვევის ადგილებზე გადაუდებელი სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“. სობიანინი არ აზუსტებს, რა იყო დრონების სამიზნე.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონი „დრონების მასობრივ შეტევის სამიზნე გახდა“, შედეგად ერთ-ერთ ელექტროგადამცემი ხაზის ქვესადგურზე ცეცხლი გაჩნდა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ კი აღნიშნა, რომ რეგიონზე რვა დრონი ჩამოაგდეს. დრონების იერიშის შესახებ ასევე განაცხადა ივანოვოს, ვორონეჟისა და პენზის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
თავდასხმების ფონზე დროებით დაიკეტა ვოლგოგრადის, გელენჯიკისა და იაროსლავლის აეროპორტები, თუმცა, მოგვიანებით, გელენჯიკის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
