რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა, სულ მცირე, ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია, კიევის პოლიცია და პროკურატურა ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ორი მამაკაცი. ერთ-ერთი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებში აღმოაჩინეს. კიდევ ერთი მოქალაქე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ასევე ცნობილია, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულებს შორის არიან პოლიციის თანამშრომლებიც.
დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საბავშვო ბაღი და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 25 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 62 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი ბალისტიკური რაკეტისა და 50 დრონის განადგურება შეძლეს.
