იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებით, დღეს ევროკავშირი ცვალებად მსოფლიო წესრიგზე რთულად რეაგირებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი „პრაგმატული ფედერალიზმის“, როგორც ბლოკში სირთულეების გადალახვის ერთ-ერთი საშუალების იდეას ემხრობა.
„თითქმის ყველა პრინციპი, რასაც კავშირი ეფუძნებოდა, საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, ევროკავშირმა კეთილდღეობას ღიაობისა და მულტილატერალიზმის წყალობით მიაღწია, ხოლო ახლა ხდება პროტექციონიზმი და ცალმხრივი მოქმედებები. ევროკავშირი „მკაცრს სამხედრო ძალას უბრუნდება“.
როგორც დრაგიმ აღნიშნა, ევროკავშირი დღევანდელი მოცემულობით გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
დრაგის განცხადებით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მართვის სისტემა წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, ხოლო დღეს არსებული სტრუქტურა „მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“.
„ახალი პრაგმატული ფედერალიზმი – ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, – დასძინა მან.
დრაგის აზრით, ახალი ტიპის ფედერალიზმი გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც ერთობლივი სტრატეგიული ინტერესების მიღწევა სურთ, გაერთიანდებიან, შექმნიან კოალიციას ისე, რომ სხვებს იმავე ტემპში მოძრაობას არ მოსთხოვენ.
„ყველას, ვისაც მოუნდებოდა მიერთება, ამას იზამდა, ხოლო ის, ვინც პროგრესს ბლოკავდა, ამას ვეღარ იზამდა“, – თქვა მან.
თუმცა, როგორც დრაგი აღნიშნავს, ასეთი ფედერალიზმის დანერგვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ მათ ვეტოს უფლება დათმონ, რასაც ისტორიულად ეწინააღმდეგებიან მცირე ქვეყნები. მათ დიდი სახელმწიფოების ჩრდილში მოქცევის ეშინიათ.
