აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადა დამატებითი სანქციები, რომლებიც შეიძლება, გამოიყენონ რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების მიმართ, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინაში ომის დასრულების გაჭიანურებას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს ასევე აცნობეს, რომ აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას კიევისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად.
გარდა ამისა, ვაშინგტონში განიხილავენ აშშ-ში არსებული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის.
როგორც როიტერი წერს, ჯერ არ არის ნათელი, გადადგამს თუ არა ვაშინგტონი ამ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში, თუმცა, გამოცემის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციას გააჩნია კარგად შემუშავებული მექანიზმები რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ტრამპის კვალდაკვალ ევროპელი მოკავშირეებიც განიხილავენ.
„როიტერთან“ საუბარში ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა, ევროპელმა მოკავშირეებმა გადადგან რუსეთის მიმართ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება მოიცავდეს დამატებით სანქციებს ან საბაჟო ტარიფებს. მეორე წყაროს თქმით, ტრამპი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით აიღებს პაუზას, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ოთხშაბათს გამოცხადებულ სანქციებზე.
„როიტერის“ წყაროების თანახმად, აშშ-ის მიერ მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი, შესაძლოა, შეეხოს რუსეთის საბანკო სექტორს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება რუსული ნავთობის ბაზარზე გასატანად.
„როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, გასულ კვირას უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მიმართეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების წინადადებით. ეს მოიცავდა ზომებს, რომლებიც ყველა რუსული ბანკის დოლარის სისტემიდან გათიშვას ითვალისწინებდა.
როგორც მედია წერს, უცნობია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი კიევის ამ მოთხოვნებს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ პირველად შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ისინი შეეხო რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიებს – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა გააუქმა მოსალოდნელი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში.
