აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის შემდეგ კუალა ლუმპურს დატოვებს და ტოკიოში გაემგზავრება, სადაც ის იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის პირველად შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი იაპონიაზე ზეწოლას ცდილობს, რათა ქვეყანამ ეროვნული თავდაცვის ხარჯები გაზარდოს და აშშ-იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობების რეორიენტაციისთვის მილიარდობით დოლარის ახალი ინვესტიციები უზრუნველყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმან, თუ როგორ ჩაივლის ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშშ-იაპონიას შორის ურთიერთობები განსაზღვროს. გავრცელებული ცნობით, იაპონია ამერიკის მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და აშშ-ის გეოსტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთდაცვითი პაქტის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ამერიკულ ბაზებს იაპონიის მიწაზე და დაცვას აშშ-ის ბირთვული ქოლგის ქვეშ.
ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს. ის იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერია.
