პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
„შეხვედრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები – თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
				