ისრაელის ღაზაზე თავდასხმები აშკარად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, – ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ანკარა ღრმად შეშფოთებულია ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვისკენ, რათა შენარჩუნდეს ხანგრძლივი მშვიდობის იმედი და დამყარდეს რეგიონული უსაფრთხოება.
ამასთან, ასევე მოუწოდებენ თელ ავივს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას.
„თურქეთი შეინარჩუნებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.
