აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. შათდაუნის ფონზე სამსახურიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლოს.
საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, სიუზან ილსტონმა დააკმაყოფილა ფედერალური მოხელეების პროფკავშირების მოთხოვნა და აუკრძალა ტრამპის ადმინისტრაციას საჯარო უწყებების პერსონალის შემცირება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. შემცირება შესაძლოა, ოთხი ათასზე მეტ თანამშრომელს შეხებოდა.
წინასწარი სასამართლო აკრძალვა ახანგრძლივებს სიუზან ილსტონის ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დასაქმებულების გათავისუფლება უკანონოა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას ცდება.
მანამდე, საჯარო მოხელეების პროფკავშირები „შათდაუნის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.
28 ოქტომბერს სენატში ფედერალური მთავრობის დაფინანსების პროექტის მიღების მე-13 მცდელობა ჩავარდა.
