აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ის დიდი ლიდერია“.
მისი თქმით, სი ძინპინთან საოცარი შეხვედრა გამართა.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის დასრულებამდე მივედით და მალე გაგაცნობთ მათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი და პეკინი „ბევრ რამეზე შეთანხმდნენ“.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დაიწყებს დიდი რაოდენობით სოიოს შესყიდვას.
„ამას ვაფასებ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, იშვიათი მინერალების ვაჭრობის საკითხი გადაწყდა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს დეტალებზე არ უსაუბრია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა არის „შესაფერისი“ დრო, რომ აშშ-მა განაახლოს ბირთვული იარაღის ტესტირება, რადგან სხვა მსხვილმა ქვეყნებმა ეს უკვე დაიწყეს.
უკრაინის საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა, რომ ამ მიმართულებით „ერთად იმუშავებენ“.
„უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ, ვთანხმდებით, რომ მხარეები ბრძოლაში არიან ჩართულნი და ვფიქრობ, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონს ამ ვიზიტის შემდეგ ეწვევა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, 10 ქულიდან შეხვედრას როგორ შეაფასებს, რაზეც თრამპმა თქვა, რომ „დიდი წარმატება“ იყო.
