გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით მთავარი სამართლებრივი არგუმენტი მათი ანტიკონსტიტუციურობისა იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი და პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ საუბრისას.
მისივე თქმით, ორი მთავარი კრიტერიუმი იყო იმის განსასაზღვრად, რომელი პარტიის წინააღმდეგ მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს.
„პირველი, რამდენად მყარია სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ამ არგუმენტს აკმაყოფილებს 3+ რამდენიმე პარტია, რომელიც არ მოხვდა სარჩელში, ვინაიდან მეორე კრიტერიუმიც გვქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ აუცილებელია ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას.
ერთკაციანი, მარგინალური, ქაღალდზე არსებული პარტიები ამ საფრთხეს არ უქმნიან. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან პირველ კრიტერიუმშივე თავს უშველა იმით, რომ შემოვიდა პარლამენტში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდა საკონსტიტუციო სარჩელის შედგენა.
„ერთი არის პოლიტიკური შეფასება, მეორე არის სისხლის სამართლებრივი შეფასება და მესამე არის კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასება. შესაძლოა ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით საკმარისი არგუმენტი იყოს პოლიტიკურად გასაკიცხად, თუმცა არ იყოს საკმარისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. შეიძლება რაღაც ქმედება იყოს პოლიტიკურად დასაძრახი, სისხლის სამართლებრივადაც დასჯადი, თუმცა არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სამართლებრივ წინაპირობას პარტიის ასაკრძალად.
ამ კრიტერიუმებით ვისარგებლეთ, რომ ვყოფილიყავით მყარი ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში. გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ეს არგუმენტი რაც გვექნებოდა იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, რაც მათ დაიწყეს 2024 წელს, თუმცა იმით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ უშველეს თავს და ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გაითავისუფლეს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
