რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული იერიშების ფონზე პოლონეთში ორი აეროპორტი დაიხურა.
ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ლუბლინისა და რადომის აეროპორტების დახურვა სამხედრო ავიაციის თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო გახდა საჭირო.
„სამხედრო თვითმფრინავების ფრენის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო რადომისა და ლუბლინის აეროპორტები დაიხურა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის თავდასხმას უკავშირდება, რომელიც ძირითადად უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული. ამის გათვალისწინებით კი, პოლონეთის საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და მისი მოკავშირეების საავიაციო ოპერაციები დაიწყო.
პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიხსნება აღნიშნული აეროპორტები.
ცნობისთვის, ღამით მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. სამიზნეში მოექცა ზაპოროჟიე, ივანო-ფრანკოვსკი, კიევის ოლქი და უკრაინის დასავლეთ რეგიონები. განსაკუთრებული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს ბუკოვინა და კარპატების რეგიონიც.
