კიევმა მოსკოვის მიმართულებით დრონები ზედიზედ მესამე ღამესაც გაგზავნა, რამაც საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა და რუსეთის დედაქალაქი აიძულა, აეროპორტები დაეხურა. თუმცა, თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალები სამშაბათს ღამით 120-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლებმაც ჩერნიგოვისა და ოდესის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვმა წუხელ უკრაინული დრონების კიდევ ერთი იერიში მოიგერია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამშაბათს, სამი საათის განმავლობაში, 57 უკრაინული აპარატი გაანადგურეს, მათ შორის, ოთხი – დედაქალაქის ფარგლებში, რვა კი – მის მიმდებარე რეგიონებში. თუმცა, მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის მარეგულირებელი სააგენტო „როსავიაცია“ კი აცხადებს, რომ მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენები შეჩერებული ან შეზღუდულია.
რამდენიმე უკრაინული დრონი დააფიქსირეს სტავროპოლის მხარეში, ბუდიონოვსკის სამრეწველო ზონის მიმართულებით, რაც მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვლადიმიროვმაც დაადასტურა. ამ უკრაინულ აპარატებს, სავარაუდოდ, ნავთობქიმიური და პლასტმასის ქარხნები ჰქონდათ მიზანში ამოღებული.
წინა ორ ღამეს, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ 35 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინა აცხადებს, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები მიზნად ისახავს სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე დარტყმას, რუსეთის ეკონომიკის დაზიანებას და სამხედრო კონფლიქტის იმ ქვეყნის შიგნით გადატანას, რომელმაც ის დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დღეებში უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებულმა თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დაახლოებით 20%-ით შეამცირა.
კიევი მოსკოვს 100-ზე მეტი დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს
იმავე ღამეს, როდესაც კიევმა რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით დრონები კიდევ ერთხელ გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 126 საფრენი აპარატით თავდასხმა დააფიქსირეს. აქედან ოთხმოცი მოიერიშე აპარატი ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონი იყო. 83 დრონი უკრაინულმა თავდაცვამ გაანეიტრალა, დანარჩენი კი ხელისუფლების მიერ დაუზუსტებელ ადგილებში ჩამოვარდა.
უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურა იყო. სამხრეთით, ოდესის ოლქში კი, დრონებით შეტევის შედეგად, ელექტროსადგურები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმებმა ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
„გარდა ამისა, რუსეთმა სამხრეთ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის 15 დასახლებაზე 396 იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა“, – განაცხადა სამშაბათს ოლქის გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა აღმოსავლეთ უკრაინის სტრატეგიულ ქალაქ პოკროვსკში ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს. თავის ყოველდღიურ მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა ქალაქის დასაპყრობად დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზება მოახდინა.
„წარმოიდგინეთ, რამდენი რუსული ძალაა იქ. მაგრამ, ამავე დროს, მათ დაგეგმილ შედეგს ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა უკრაინელებს რვაჯერ აღემატებოდა.
