„რეალობა არის ძალიან მარტივი, საქართველო კეთილსინდისიერად აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ვითანამშრომლოთ და საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების თავის არიდების ადგილად. ამას ჩვენ ვაკეთებთ 2022 წლიდან წარმატებით, არცერთი შემთხვევა არ არსებობს იმისა რომ საქართველოს რაიმეში დასდონ ბრალი. თუმცა პარალელურად 2022 წლიდანვე ჩვენ ვხედავთ გამალებულ კამპანიას „საქართველო -შავი ხვრელი“, რომელშიც ჩართულები არიან საერთაშორისო აქტორები, საქართველოში არსებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მთელი რიგი ორგანიზაციები. ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად, ინტერესების შესალახად, და ალბათ მომავალშიც გააგრძელებენ მის განხორციელებას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ თანამშრომლობასა და კეთილსინდისიერ ქმედებებს აგრძელებს.
„ჩვენ ამას ვუპირისპირებთ ჩვენს ქმედებებს, ნაბიჯებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რის გამოც სწორედაც საქართველო იღებს მადლობას კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
