ჩვენი ახალი პარტია, “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ამ არაჯანმრთელი სიტუაციის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.
მისივე თქმით, არჩევნებამდე სამი წლით ადრე პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მიზანი სრულფასოვანი პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაა.
“რაც შეეხება ელექტორატს, ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია დაგვეფუძნებინა მომავალ არჩევნებამდე სამი წლით ადრე, იმისთვის, რომ სრულფასოვანი პარტიის ჩამოყალიბება შევძლოთ, ჩვენი ხედვები, პროგრამა მივიტანოთ საქართველოს მოსახლეობამდე, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში”, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შაქარიშვილს მიაჩნია, რომ 13 წელია საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველი უცხო ქვეყნის აგენტურას აქვს ოკუპირებული.
“13 წლის განმავლობაში საქართველოში არ არსებობდა ოპოზიცია, ეს ველი მთლიანად ჰქონდა ოკუპირებული უცხო ქვეყნების აგენტურულ, დანაშაულებრივ ქსელს, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ქვეყანას. მათ შორის თუნდაც, რომ ავიღოთ ბოლო დროს გამჟღავნებული კორუფციული შემთხვევები, სამოხელეო დანაშაული. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი წამახალისებელი იყო ის, რომ არ არსებობდა ქვეყანაში ოპოზიცია. ოპოზიცია, რომლის ფუნქციაც უნდა იყოს კონტროლი და ზედამხედველობა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო დაკავებული მხოლოდ ერთით – რამენაირად, მათ შორის ძალადობრივად, ძალაუფლება ხელში აეღო, რასაც შემდგომში კვლავ გამოიყენებდა უცხო ქვეყნების და უცხო ძალების ინტერესების მომსახურებისთვის. ამ მოცემულობაში ქართულ საზოგადოებას შეეზღუდა კრიტიკის არეალი და ოპოზიციური აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. როცა ქვეყანა არის ყოფნა-არყოფნის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ერთ მხარეს არის ძალა, რომელსაც სურს რამენაირად დაამხოს ჩვენი სახელმწიფო, ასეთ ვითარებაში არ არის სივრცე კრიტიკული აზრისთვის, რადგან შესაძლოა ეს დესტრუქციული ძალების წისქვილზე ასხამდეს წყალს”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 
				