გამოცემა Washington Post მათ მიერ მოპოვებულ აშშ-ს მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ კარიბის ზღვაში ამერიკული ძალების მობილიზების ფონზე ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და დახმარებისთვის რუსეთს, ჩინეთსა და ირანს მიმართავს. გამოცემა წერს, რომ მადურო მათ თავდაცვით რადარების მიწოდებასა და თვითმფრინავებისა და პოტენციურად რაკეტების შეკეთებას სთხოვს.
WP-ს მიხედვით, ვენესუელის ტრანსპორტის მინისტრს, რამონ სელესტინო ველასკეზს ოქტომბერში მოსკოვში ვიზიტის დროს კოლეგისთვის წერილი უნდა გადაეცა, რომელიც მადურომ პუტინს მისწერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ წერილში მადურო რუსეთს ვენესუელის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, მათ შორის, რუსეთისგან მანამდე შეძენილი რამდენიმე Sukhoi Su-20MK2 მოდელის თვითმფრინავის შეკეთებას, სთხოვს. WP-ს ინფორმაციით, მადურომ პუტინს ასევე სთხოვა, რომ რუსეთში ვენესუელის ძრავებსა და რადარებს რემონტი ჩაუტარდეს და სავარაუდოდ რუსული რაკეტების შეძენა და “მომარაგების მხრივ მხარდაჭერა” მოითხოვა.
გამოცემა წერს, რომ მადურომ რუსული სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის, Rostec-ის მხრიდან “სამი წლის განმავლობაში საშუალო ვადის დაფინანსების გეგმის” შედგენა ითხოვა და აღნიშნა, რომ Sukhoi Su-20MK2 მოდელის თვითმფრინავები “ომის საფრთხის წინაშე ვენესუელის ეროვნული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან შემკავებელს წარმოადგენს”.
WP-ის მიხედვით, ველასკეზი რუსეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილესაც, დენის მანტუროვსაც უნდა შეხვედროდა და მეორე წერილი გადაეცა, თუმცა WP-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში არ არის დაზუსტებული, ეს შეხვედრა შედგა თუ არა.
გამოცემა ანალიტიკოსტებსა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელის არმიის მიერ შეძენილი რუსული აღჭურვილობა ამჟამად არ მუშაობს ან ვადაგასულია. ერთ-ერთმა ყოფილმა ვენესუელელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა WP-სთან საუბრისას თქვა, რომ 2018 წლისთვის ვენესუელას ხუთზე ნაკლები რუსული წარმოების Sukhoi მოდელის თვითმფრინავი ჰქონდა, რომელიც მუშაობდა. მისივე თქმით, ჩავესმა რუსული ვერტმფრენები და რუსული რაკეტებიც იყიდა, თუმცა მათგან მრავალი მოძველებულია და აშშ-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
“ჩავესმა იყიდა ან ვენესუელას რუსეთმა მიყიდა სრული ნაგავი”. – თქვა ანონიმურმა წყარომ WP-სთან საუბრისას.
გარდა ამისა, გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მადურომ წერილი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც მიწერა, რომელშიც “აშშ-სა და ვენესუელას შორის ესკალაციის” პასუხად ორ ქვეყანას შორის “სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე” ისაუბრა. WP-ის თანახმად, მადურო წერილში ცინეთის მთავრობას რადიოლოკაციური სისტემების მიწოდებას სთხოვს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ველასკეზმა ასევე ირანისგან სამხედრო აღჭურვილობისა და დრონების პარტიის მიწოდებას გაუწია კოორდინაცია და ქვეყანაში ვიზიტს გეგმავდა. WP-ის მიხედვით, მინისტრმა ირანელ მაღალჩინოსანს უთხრა, რომ ვენესუელას სჭირდება “პასიური აღმომჩენი ხელსაწყოები”, “GPS-ის ჩამხშობები” და “თითქმის აუცილებლად 1 000 კილომეტრის რადიუსის დრონები”.
“ამ მიმართვაში მადურომ ხაზი გაუსვა კარიბის ზღვაში აშშ-ს აღქმული აგრესიის სერიოზულობას და მათი საზიარო იდეოლოგიიდან გამომდინარე ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო ქმედება ჩინეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მოიხსენია”. – წერია გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში.
როგორც WP აღნიშნავს, უცნობია, თუ რა პასუხი გასცა რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა მადუროს მიმართვებს.
