სლოვაკეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლის თანახმადაც ქორწინება ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი სქესს შეიცვლის. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, ცვლილებები სამოქალაქო კოდექსის ახალ რედაქციაში შევა. ახალმა რედაქციამ 1964 წელს მიღებული კოდექსი უნდა ჩაანაცვლოს.
„ქორწინება გაუქმდება, თუ მეუღლე სქესს შეიცვლის. რაც შეეხება მეუღლეების უფლებებსა და ვალდებულებებს ბავშვის აღზრდასთან და საერთო ქონებასთან დაკავშირებით, ეს საკითხები დარეგულირდება იმავენაირად, როგორც ეს გაყრის დროს ხდება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნულ ცვლილებას სლოვაკეთის იუსტიციის სამინისტროში იმით ხსნიან, რომ მათ სურთ თავი აარიდონ ისეთ სიტუაციას, როცა ქორწინებაში მყოფი ორივე ადამიანი ერთი სქესის აღმოჩნდება, რასაც ქვეყნის სამართალი არ ცნობს.
კანონპროექტი საჯარო განხილვების სტადიაზეა. მისი მიღება 2026 წლის განმავლობაში იგეგმება, ხოლო ამოქმედება – 2027 წელს.
