დიდი შვიდეულის ენერგეტიკის მინისტრები რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმუშავებენ. მათივე თქმით, პირდაპირი ფინანსური დახმარების, საკრედიტო ხაზების, რისკების დაზღვევის, პოლიტიკისა და რესურსების შესაბამისობის, ასევე, კერძო სექტორში გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის პირობების შექმნის მეშვეობით „დიდი შვიდეული“ აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენის მხარდაჭერას.
„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკის მინისტრები, ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენას მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.
ვგმობთ რუსეთის პირდაპირ თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, რომლებიც კვლავ იწვევს დამანგრეველ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ შედეგებს უკრაინელი ხალხისთვის, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ყველაზე დაუცველ ფენებზე. რუსეთის მიერ უკრაინის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლეს, დაასუსტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
ამ ძალისხმევის დამატებით, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს ვახორციელებთ და ვაგრძელებთ ზომების გამკაცრებას და რუსეთის ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტების დემონტაჟს, რათა შევუზღუდოთ რუსეთს ომთან დაკავშირებული შემოსავლები“, – ნათქვამია განცხადებაში.
