სუდანის დარფურის რეგიონში შეიარაღებულმა ჯგუფმა სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) საავადმყოფოზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 460 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობებით, RSF-ის შეიარაღებული ჯგუფები საავადმყოფოს ექიმებსა და მედდებს იტაცებდნენ, შემდეგ კი პერსონალსა და პაციენტებს კლავდნენ.
მოწმეების თქმით, თავდამსხმელები თითოეულ სახლში შედიოდნენ, კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე გაურკვეველია.
თავდასხმა 28 ოქტომბერს, მას შემდეგ მოხდა, რაც RSF-მა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ელ-ფაშერი ხელში ჩაიგდო.
სუდანში დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. წარსულში RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჯგუფებას მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გაეროს მონაცემებით, ომმა უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა დაკნინებული და რეალური მსხვერპლი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს.
