სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ვიზიტისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე გეორგიევა ავრცელებს.
„დიდი პატივი იყო პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაას საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიღება. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც სირიელებს სჭირდებათ და იმსახურებენ, რასაც მათი მთავრობა შესაძლებელს ხდის. კიდევ ერთხელ გამოვხატე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზადყოფნა დახმარებისთვის, მათ შორის ძირითადი ინსტიტუტებისთვის არსებული ტექნიკური მხარდაჭერის გზით“, – წერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი.
სირიის პრეზიდენტი ასევე შეხვდა სირიელთა დიასპორის წევრებს. დღეს ალ შარაას თეთრ სახლში დაგეგმილი აქვს დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი 25 წლის განმავლობაში, რომელიც სირიის პრეზიდენტს შეხვდა. აშშ-ის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მაისში საუდის არაბეთში გაიმართა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშინგტონში ვიზიტამდე ორი დღით ადრე აშშ-მა ალ-შარაას სახელი ტერორისტთა სიიდან ოფიციალურად ამოიღო.
