ნატოში აშშ-ის ელჩის მეთიუ უიტაკერის განცხადებით, უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდა ბრძოლის ველზე არის შესაძლებელი.
„მე იქ [უკრაინაში] ვიყავი ჩასული და შევხვდი როგორც სამხედრო ხელმძღვანელობას, ასევე საწარმოების ხელმძღვანელებს. ჩემთვის ნათელია, რომ უკრაინა მომავლის საცდელი პოლიგონია. თქვენ ბრძოლის ველზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ მუშაობს ან არ მუშაობს იარაღი. როგორც ნატოს მოკავშირეებმა, ისე შეერთებულმა შტატებმა უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები. უნდა მოვემზადოთ თანამედროვე ომისთვის. გახსოვთ ძველი გამონათქვამი, რომ გენერლები ემზადებიან უკანასკნელი ომისთვის და არა მიმდინარესთვის. ზუსტად ახლა უკრაინაში მიმდინარე ომიდან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები“, – თქვა უიტაკერმა Fox News-ის ეთერში.
უკრაინაზე, როგორც საცდელ პოლიგონზე საუბრისას, ნატოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ პირველ რიგში მას მხედველობაში აქვს ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის ელემენტების კომბინირებული მუშაობა, კერძოდ, დრონებისა და ანტისაჰაერო რაკეტების ურთიერთთავსებადობა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მან უკრაინაში ვიზიტის დროს ნახა, თუ როგორი თავგანწირვით იბრძვიან უკრაინელები ომში. მისი თქმით, ამ ომის გადაწყვეტა მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ოთხწლიანი ომი საკმარისზე მეტია, რათა მკვლელობები შეწყდეს“, – დასძინა ელჩმა.
