უკრაინის იუსტიციის მინისტრი, გერმან გალუშენკო კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში თანამდებობიდან გადააყენეს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„დღეს დილით ჩავატარეთ მთავრობის რიგგარეშე სხდომა. ჩვენ გადავწყვიტეთ გერმან გალუშენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება“, – განაცხადა სვირიდენკომ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის საკითხებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ლუდმილა სუგაკი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმან გალუშენკო, რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თანამდებობიდან გათავისუფლება ცივილიზებული ქმედებაა.
„მე სამართლებრივად დავიცავ თავს და დავამტკიცებ ჩემს პოზიციას“, – აღნიშნა გალუშენკომ.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის სავარაუდოდ ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშენკოს საუბარიც არის.
