აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში კრიმინალის შემთხვევებმა იკლო.
ტრამპის თქმით, ეს არალეგალი მიგრანტების დასაჭერად მიმდინარე სპეცოპერაციის დამსახურებაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრები რეიდებს წარმატებით ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები მოძალადე მემარცხენე ტერორისტების მხრიდან მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან.
„წარმატებას მივაღწიეთ ჩიკაგოსა და ილინოისში რადიკალი „დემოკრატი ლიდერებისგან“ წარმოუდგენელი წინააღმდეგობის ფონზე; ასევე ჩვენი სასაზღვრო და საიმიგრაციო ოფიცრებისა და ფედერალური აგენტების წინააღმდეგ მოძალადე მემარცხენე ტერორისტების მუდმივი თავდასხმის მიუხედავად. თავდასხმები მოიცავს როგორც ფიზიკურ შეურაცხყოფებს, ასევე მკვლელობის მცდელობებს. ესენი არიან მეამბოხეები, რომელთა გასამართლებაზეც „დემოკრატი“ მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
