უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გახსნილ კორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა და ვითარებას არანორმალური უწოდა.
როგორც უკრაინის ლიდერმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ჩაწერილი მიმართვის დროს განაცხადა, მას სჯერა, რომ იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშენკო, რომელიც დღეს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, და ენერგეტიკის მინისტრი სვეტლანა გრინჩუკი სახელმწიფო პოსტებზე აღარ უნდა მუშაობდნენ.
„მე მჯერა, რომ იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები ვერ დარჩებიან თანამდებობებზე. ეს, კერძოდ, ნდობის საკითხია. თუ არსებობს ბრალდებები, მათ პასუხი უნდა გაეცეს. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი. ამჟამად უკრაინაში ყველასთვის უკიდურესად რთულია ელექტროენერგიის გათიშვასთან, რუსულ დარტყმებსა და დანაკარგებთან გამკლავება. აბსოლუტურად არანორმალურია, რომ ენერგეტიკის სექტორში ზოგიერთი სქემა კვლავ არსებობს. მე ხელს მოვაწერ ბრძანებულებას, რომელიც სანქციებს დაუწესებს ორი პირს, რომლებიც მონაწილეობენ NABU-ს [უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს] საქმეში, რომელიც „ენერგოატომს“ ეხება. ახლა ყველამ უნდა დავიცვათ უკრაინა. თუ სახელმწიფოს კომპრომეტირებას მოახდენთ, ამისთვის პასუხი უნდა აგოთ. თუ კანონს დაარღვევთ, ამისთვის პასუხი უნდა აგოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიმართვიდან ცოტა ხანში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, გრინჩუკი მინიმუმ სამჯერ იყო ნამყოფი გალუშენკოს სახლში, სადაც დილამდე რჩებოდა. თავად გრინჩუკი ბრალდებას უარყოფს.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა გალუშენკოს სახლშიც, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი აგრეთვე არის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.
