კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ ინფორმაცია კანადის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების, კერძოდ, დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა გამოაცხადა.
სანქციების სიაში დამატებულია 13 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი, მათ შორის არიან ისინიც, ვინც რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის პროგრამის შემუშავებასა და განლაგებაში იყვნენ ჩართული.
როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანადის სანქციების სიაში პირველად მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც ამარაგებენ კიბერინფრასტრუქტურას, რომელიც რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიებში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება. სანქციების სიაში მოხვდნენ ის კომპანიებიც, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობაში არიან ჩართული, რადგან „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დასაფინანსებლად, რუსეთი ენერგეტიკულ შემოსავლებს ეყრდნობა“.
ასევე, სანქციების განახლებულ სიაში შეყვანილია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 გემიც.
„ეს ზომები უკრაინის პრიორიტეტებზე პირდაპირი პასუხია და მხარს უჭერს „დიდი შვიდეულის“ მიმდინარე ძალისხმევას, გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით და შეესაბამება აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ სანქციებს,“ – აღნიშნულია კანადის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
