„ჰამასმა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა.
„ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი ამბობს, რომ პირველი ფაზის ფარგლებში ჯგუფმა თავისი ვალდებულება შეასრულა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა, რომლის თანახმად, ისრაელმა ცოცხლად გადარჩენილი და დაღუპული მძევლების ნეშტები მიიღო, ასევე შეწყდა ისრაელის ფართომასშტაბიანი ოპერაცია.
როგორც ისრაელმა, ასევე „ჰამასმა“ არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, მაშინ როდესაც, პერიოდული შეტაკებები კვლავ ხდება.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ზავის ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად 245 ადამიანი დაიღუპა და 623 დაიჭრა.
ჰამდანის განცხადებით, ყველაზე დიდი საფრთხე ახლა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ე.წ. დიდი ისრაელის ხედვიდან მოდის, რომელიც, მისი თქმით, რეგიონული სტაბილურობისთვის ღრმა და ხანგრძლივ საფრთხეს წარმოადგენს.
„როიტერი“ წერს, რომ ე.წ. დიდი ისრაელი ექსპანსიონისტურ ხედვას გულისხმობს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს არა მხოლოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და ღაზის ტერიტორიებზე, არამედ ლიბანის, სირიის, ეგვიპტისა და იორდანიის ნაწილებზეც.
