თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ხორვატიაში ჩამოვარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად პილოტი დაიღუპა.
თურქეთის სოფლო-სამეურნეო მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი აცხადებს, რომ ხორვატიაში დაკარგული თურქეთის სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის სახანძრო თვითმფრინავის ნამსხვრევები ცოტა ხნის წინ იპოვეს. მისივე თქმით, სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის კუთვნილი ორი „AT802“-ის ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი 12 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 10:24 საათზე გაემგზავრა ხორვატიის ქალაქ ზაგრებში დაგეგმილი ტექნიკური მომსახურებისთვის.
„2025 წლის 13 ნოემბერს, თურქეთის დროით 17:38 საათზე თვითმფრინავები ზაგრების აეროპორტის მიმართულებით აფრინდნენ, მაგრამ არასასურველი ამინდის პირობების გამო რეჯიკას აეროპორტში დაბრუნება დაიწყეს. დაბრუნების მარშრუტზე ერთი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა რეჯიკას აეროპორტში, მაგრამ მეორესთან რადიოკავშირი 18:25 საათზე დაიკარგა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
შემთხვევას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა და დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა.
„დღეს, საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ გენერალური დირექტორატის კუთვნილი სახანძრო თვითმფრინავი, სამწუხაროდ, ხორვატიაში ჩამოვარდა. ღრმად ვართ დამწუხრებული ამ ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ჩვენი ერთ-ერთი პილოტი იმსხვერპლა. ვლოცულობ მისთვის და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს“, – დაწერა ერდოღანმა სოციალურ ქსელში.
