თურქეთი მიიჩნევს, რომ კვიპროსის საკითხის პოლიტიკური ჩიხის მოგვარების ყველაზე რეალისტური გზა ეთნიკურად გაყოფილ კუნძულზე ორი სახელმწიფოს არსებობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტთთან, ტუფან ერჰურმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ერდოღანი დარწმუნებულია, რომ არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვით ორივე მხარეს შეუძლია კუნძულზე მშვიდობიანად ცხოვრება.
„კვიპროსის ბერძნული მხარე კვიპროსის პრობლემის გადაწყვეტას თურქ კვიპროსელებს უმცირესობად აქცევს პარტნიორულ სახელმწიფოში, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. ჩვენ გვჯერა, კვიპროსის საკითხის ყველაზე რეალისტური გადაწყვეტა კუნძულზე ორი სახელმწიფოს არსებობაა“, – განაცხადა მან.
ტუფან ერჰურმანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა „ისწავლოს გაკვეთილი“ წარსულიდან, რომლებმაც შედეგი არ გამოიღო ან წარუმატებლად დასრულდა.
„კვიპროსის თურქი ხალხი კუნძულის ორი დამფუძნებელი პარტნიორიდან ერთ-ერთია და ჩემი ხალხისთვის ეს სტატუსი არც დებატებისთვის, არც მოლაპარაკებისთვის და, არც ვაჭრობისთვის არ არის ღია. კვიპროსის თურქ ხალხს, ამ სტატუსის ფარგლებში, სუვერენული უფლებები აქვს მთელ კუნძულზე“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას აღიარებს.
