აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის მხარდაჭერა კონგრესში მოახლოებულ არჩევნებზე უკან გაიწვია.
„მე უკან ვიწვევ დიდებული ჯორჯიის შტატიდან კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის მხარდაჭერას. უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მიუხედავად ჩემი რეკორდული მიღწევებისა, „შათდაუნზე“ სრული და საბოლოო გამარჯვების, დახურული საზღვრების, დაბალი გადასახადების, ქალთა სპორტში მამაკაცების და ყველა ტრანსგენდერის მონაწილეობაზე აკრძალვის დაწესების, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის კონცეფციის დასრულების, ბაიდენის რეკორდული ინფლაციის შეჩერების, ისტორიაში რეგულაციების უმსხვილესი შემცირების, რვა ომის შეჩერების, ჩვენი შეიარაღებული ძალების აღორძინების, მსოფლიოს ყველა ქვეყნის პატივისცემის მოხვეჭის (12 თვის წინ დასაცინები ვიყავით!), აშშ-ში ტრილიონობით დოლარის ინვესტიციის და მსოფლიოში ყველაზე ცოცხალი ქვეყნის, რომელიც სულ რაღაც 12 თვის წინ ყველაზე მკვდარი იყო, შექმნის ჩათვლით, სულელი მარჯორი მხოლოდ ჩივის, ჩივის და ჩივის!“, – დაწერა მან.
როგორც ტრამპი აცხადებს, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კონგრესმენს გამოკითხვის შედეგები გადაუგზავნა, რომლის თანახმადაც კანონმდებელს 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ტრამპმა მას ურჩია, რომ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
„ის ბევრს ეუბნებოდა, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ მე მას აღარ ვურეკავ, მაგრამ 219 კონგრესმენის, 53 სენატორის, კაბინეტის 24 წევრის, თითქმის 200 ქვეყნის პირობებში და ნორმალური ცხოვრების საჭიროების გამო ბობოქარი სულელის ზარებს ყოველ დღე ვერ ვუპასუხებ“, – დასძინა მან.
ტრამპი ჯორჯიის შტატიდან ახალი კანდიდატის დასახელების ინიციატივით გამოდის.
