უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, ენერგეტიკულ სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემის გამოვლენის საქმეზე, განცხადებები კეთდება როგორც უკრაინის, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.
“ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ,” – აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ამბობს, რომ მან ზელენსკის უთხრა, ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი უკვე დაიწყო. მრავალმილიონიან კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია უკრაინულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს გაავრცელა. უკრაინაში, ფულის გათეთრებისა და კორუფციული ქმედებების ჩადენის საქმეზე ბრალი სულ 7 პირს წარუდგინეს, მათ შორის არიან ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და კომპანია ენერგოატომის ხელმძღვანელი პირები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი.
“ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტს მოითმენთ, ომს წააგებთ.
რუსებისთვის ეს ყოველთვის ძლიერი არგუმენტი იყო. ისინი ამბობდნენ: “როგორი სახელმწიფოა? ნუ მიიღებთ მას სერიოზულად. ეს ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა”. ევროპაშიც კი ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია, ვიდრე რუსეთი. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგან ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
