ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ამ პროექტს დაარტყან, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის სერიოზული მიღწევა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა ირაკლი კუპრაძის მიერ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული სასულიერო პირებისგან, რომ თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული და მსგავსი პროექტები არ განხორციელდება, ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის შენარჩუნება რთული იქნება.
„„ლელოს“, ისვე როგორც მისი მოძმე რადიკალური პარტიების მიზანია, რომ როგორღაც დააზიანონ ქართული ეკონომიკა. მათი ბევრი სხვა დამუშავებული ტაქტიკების გარდა იყენებდნენ ეკონომიკაზე ტერაქტის მცდელობებს, ეკონომიკის ჩამონგრევის და ჩამოშლის მცდელობებს, რაც სხვადასხვა კამპანიებში აისახებოდა.
ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ტალღა ტურიზმის ჩამოშლის და დაზიანების, შეგვიძლია გავიხსენოთ ენერგო უსაფრთხოებაზე მიტანილი შეტევები, ნესკრა, ნამახვან ჰესი, ჰუდონ ჰესი. ყველა ამ უმსხვილესი ჰესის და პროექტის წინააღმდეგ გამოსული ვითომ ეკო აქტივისტები, იყვნენ სპეციალიზებული ჯგუფები, ვისაც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებაზე უნდა მიეტანათ დარტყმები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
